2009 მაისის თვეში დაიწყო ტრეინინგების სერია, რომელიც მიზნად ისახავდა მონაწილეებს მიეღოთ ინფორმაცია ამბულატორიულ მომსახურებაში, პირველადი ჯანდაცვის საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICPC2) გამოყენების შესახებ. 3 თვის მანძილზე ტრენინგის კურსი გაიარა 28 ჯანდაცვის ობიექტის 130-ზე მეტმა წარმომადგენელმა.

2009 24 ივლისს, საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის – CoReform ეგიდით უმასპინძლა დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც გაიმართა ჰოსპიტალური, ამბულატორიული და ლაბორატორიული ინტერვენციის კლასიფიკაციის შესახებ ტრენინგის პირველი ეტაპის დასრულების აღსანიშნავად. შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა, ალექსანდრე კვიტაშვილმა პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში მომუშავე 30 ტრენერს გადასცა პირველადი ჯანდაცვის საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICPC2) სპეციალური სერთიფიკატები.

მინისტრმა მონაწილეებს მიულოცა კურსის დამთავრება და განაცხადა, რომ „უწყვეტი განათლება აუცილებელია ნებისმიერი სპეციალისტის პროფესიული განვითარებისთვის“. მან აგრეთვე მადლობა გადაუხადა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, საქართველოს საზოგადოებისთვის ასეთი სასარგებლო პროექტების დაფინანსებისთვის. „აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის ჯო ბაიდენის ბოლოდროინდელმა ვიზიტმა ნათლად მიგვანიშნა, რომ აშშ-ს მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს პოლიტიკურ, ეკონიმიკურ თუ სოციალურ ინიციატივებს. აშშ-ს მთავრობის სახელით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო ხელს უწყობს ამ სფეროების განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მის მიერ დაფინანსებული ინიციატივები საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობას უზრუნველყოფს“, – განაცხადა მინისტრმა.

ჯულიან სიმიდჯისკიმ (Julian Simidjiyski), პროექტის CoReform ხელმძღვანელმა და კომპანია ABT Associates-ის წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა მინისტრს ღონისძიებაზე დასწრებისთვის და ხაზი გაუსვა ტრენერების წვლილს. „მათი მონდომების გარეშე ღონისძიება არ გაიმართებოდა,“ – განაცხადა მან.

გიორგი ხეჩინაშვილმა (აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის ჯანდაცვის და სოციალური განვითარების ოფისის პროგრამის მართვის სპეციალისტმა), მის გამოსვლაში განსაკუთრებით ხაზი გაუსვა სამედიცინო ინტერვენციების საერთაშორისო კლასიფიკატორების მნიშვნელობას ქვეყნის ჯანდაცვის სექტორისთვის და დიდი მადლიერება გამოხატა პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების მიმართ, სამუშაოს სრულყოფილად შესრულებისთვის.

„თითქმის 10-11 წელია რაც ჯანდაცვის სფეროში ტრენინგებში ვიღებ მონაწილეობას, მაგრამ არცერთი მათგანი არ ყოფილა ასეთი სასარგებლო. ვფიქრობ როგორ ვმუშაობდით დღემდე ICPC-ის გარეშე, როგორ ვახერხებდით პრიორიტეტების განსაზღვრას და ანგარიშგების პროცესის წარმართვას. ამ სისტემის დანერგვა უკიდურესად მნიშვნელოვანია პროვაიდერების მუშაობის და ასევე მათი მომსახურების გაუმჯობესების მიზნით“ ,- განაცხადა ტრეინინგის მონაწილემ, რუსუდან ჩიტაიშვილმა, „ალდაგი ბისიაი ასისტანსის“ წარმომადგენელმა.

ტრენინგები კვლავ გრძელდება და სექტემბრის ბოლოსთვის დამატებით 40 ჯანდაცვის სპეციალისტი გაივლის ტრენინგს. ამჯერად ტრენინგებში ყურადღება გამახვილდება სკანდინავიის ქვეყნების სამედიცინო-სტატისტიკური კომიტეტის (NOMESCO) მიერ შემუშავებულ ქირურგიული პროცედურების კლასიფიკატორზე (NCSP).

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის ადა სოციალური დაცვის სამინისტრომ მიიღო საქართველოში ICPC2-ის გამოყენების ლიცენზია. ამჟამად სამინისტრო აგრძელებს მუშაობას ნორმატიული აქტის გამოსაცემად, რომლის მიხედვითაც მოხდება ყველა კლასიფიკატორის ოფიციალურ, ეროვნულ კლასიფიკატორად აღიარება.